გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი - ზურაბიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში არსებული ვითარებისა და საქართველოს პერსპექტივის შესახებ France24-ის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას უკრაინის შესახებ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებაზე ჰკითხა, რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავად ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.

„პირველ რიგში, არ ვიცი, ეს რატომ განაცხადა. ვფიქრობ, ეს არ არის შეკითხვა. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. მე არ ვიცი, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვიძლია, რომელსაც მნიშვნელობა ექნებოდა. არ მგონია, რომ დღეს ასეთი განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, სოლიდარობაა და აქ პრეზიდენტ ზელენსკისთვის ამის საჩვენებლად ჩამოვედი. ქართველი ხალხიც ამის დემონსტრირებას ახდენდა ძალიან ცხადად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის მიუხედავად, „ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპისა და ნატოსკენ არ შეცვლილა“.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ მოსაზრების საპირისპიროდ, „რომ დასავლეთი ვითარების ესკალაციას უწყობს ხელს“ აღნიშნა, რომ „არავინ უწყობს ხელს ესკალაციას გარდა პუტინისა“.

„ის უბრალოდ საბაბად გამოიყენა ე.წ. საფრთხე, რათა რუსეთის მოსახლეობის წინაშე საკუთარი აგრესია გაემართლებინა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.