საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ გუშინ გვიან ღამით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ელჩის გაწვევის თაობაზე.
„ბუნებრივია, ჩემი გაკვირვება მასთან საუბარში კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე ნაჩქარევად და გარკვეულწილად ემოციურად და მე მას ვთხოვე, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ეს ჩვენს საზოგადოებაში და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის და ეს ჩვენი გუშინდელი კომუნიკაცია გარკვეულწილად იმედს მისახავს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა მოწესრიგდეს ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მაქვს, რომ ელჩი მალე დაბრუნდება და გააგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
გუშინ,უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს კონსულტაციებისთვის.
ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან. მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.