კობახიძის თქმით, უკრაინაში ენმ კოორდინირებას უწევს საქართველოს კონფლიქტში ჩართვას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კოორდინირებით აშკარაა მცდელობა, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ.

მისი თქმით, ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ.

„როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას.

„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობების ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე“, – განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, „ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია“.

„საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს“, – განაცხადა კობახიძემ.