„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ „ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
მისივე თქმით, ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. „ამგვარი მიდგომით ჩვ, ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი“.
„გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალულნი არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და, ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას.
ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.
გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს, თუმცა კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს“, – აღნიშნა კობახიძემ.