ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეფასება უნდა მოამზადოს

პუბლიკა

ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები ევროკომისიამ წარადგინოს, – ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად თითოეული აპლიკანტის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრების წარმოსადგენად“, – წერს ევროპის საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

„საბჭო ევროკომისიას თხოვს მოამზადოს შეფასება (ე.წ. opinion) სამივე ქვეყასთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. წინ დიდი სამუშაოა და ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა! კომისია მალე ძალიან მოცულობით კითხვარს გამოგზავნის და შეფასება დაიწყება“,- წერს facebook პოსტში ვანო ჩხიკვაძე, „ფონდი ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.