ჩერნობილიდან რადიაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ სადგურზე, რომელიც რუსებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს, ელექტრომომარაგების სისტემა დაზიანებულია და რადიაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს.

„დიზელზე მომუშავე სარეზერვო გენერატორებს სადგურის ელექტოენერგიით მომარაგება 48 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მას შემდეგ კი საცავის გაგრილების სისტემა გაჩერდება და რადიაციის გაჟონვა შეუქცევადი იქნება.

პუტინის ბარბაროსული ომი მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს“, – წერს კულება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მოითხოვონ რუსეთისგან ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და სადგურზე პრობლემების აღმოფხვრა.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია „ენერგოატომი“ კი აცხადებს, რომ აუცილებელია საცავის გაგრილება, რადგან იქ დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნარჩენები ინახება. მათი გათბობის შემთხვევაში კი რადიაცია გარეთ გამოაღწევს და რადიოაქტიური ღრუბელი დაფარავს არამარტო უკრაინასა და ბელარუსს, არამედ რუსეთსა და ევროპასაც.

ასევე, „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გარეშე არ იმუშავებს სავენტილაციო სისტემაც, რის გამოც იქ მომუშავე პერსონალი რადიაციით სახიფათო დასხივებას მიიღებს.

გუშინ ბირთვულ საკითხებზე გაეროს ეგიდით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა მათთან მონაცემების გაგზავნა შეწყვიტა.

მსოფლიოში მომხდარი ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფის არეალი კიევიდან ჩრდილოეთით, 100 კილომეტრში, უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე მდებარეობს. იქ რუსული შენაერთები ბელარუსიდან შეიჭრნენ და ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოიპოვეს სადგურზე კონტროლი.