„მანიაკი პუტინის გაჩერება რუსეთის ხალხს შეუძლია" - ნავალნი ხალხს მოუწოდებს, გავიდნენ აქციაზე

პუბლიკა

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კვირას ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გავიდნენ.

„შეშლილი მანიაკის, პუტინის გაჩერება ახლა, ყველაზე სწრაფად რუსეთის ხალხს შეუძლია, თუ ისინი წინააღმდეგობას უწევენ ამ ომს. თქვენ უნდა გახვიდეთ ომის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა შაბათ-კვირას, თუნდაც ჩანდეს, რომ ყველა შეშინებულია და ყველა წავიდა. თქვენ ხართ ომისა და სიკვდილის საწინააღმდეგო მოძრაობის ხერხემალი“, – წერს ნავალნი საკუთარ Instagram-გვერდზე.


ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში რუსეთში დაბრუნებისას აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ის 2020 წლის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

დღეს მე-15 დღეა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.