მღვდელი გიორგი სხილაძე: დუშეთის ეპარქია ტყუის, თითქოს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა ცილისწამება აღიარა

პუბლიკა

მღვდელი გიორგი სხილაძე ამბობს, რომ დუშეთის ეპარქიამ სიცრუე გაავრცელა, თითქოს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა მიტროპოლიტ ზოსიმეს ცილი დასწამა და ეს საქციელი მოინანია. მისი თქმით, ეს ტყუილია და ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ sms-იც წარმოადგინა, რომლის ავტორიც, მისი თქმით, კ.კ-ა. შეტყობინებაში წერია, რომ მას არაფერი მოუნანიებია და უბრალოდ ახლა ამ თემაზე საუბარი არ სურს.

„დუშეთის ეპარქიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ კ.კ-მ მოინანია ეს საქციელიო, ცილი დასწამა მეუფე ზოსიმესო. წილკნისა და დუშეთის ეპარქიის წარმომადგენელთა სიცრუე აი, ამით მტკიცდება, კახა კალაძის sms-ებით. მე სხვა სასულიერო პირისგანაც მაქვს უწყება, რომ მას არ მოუნანიებია“, – თქვა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მღვდელმა გიორგი სხილაძემ.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიამ Facebook-ზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეკლესიას სთხოვს მიიღოს ზომები მიტროპოლიტ ზოსიმეს მიმართ ბრალდებების საწინააღმდეგოდ. ეპარქია წერდა, რომ ბრალდება ცილისწამება იყო და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა თავისი საქციელი მოინანია.

„ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია“, – წერდა დუშეთის ეპარქია.

31 წლის წინ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე ინფორმაცია კი თავდაპირველად მღვდელმა გიორგი სხილაძემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირწმუნება, რომ დუშეთის ამჟამინდელმა მიტროპოლიტმა ზოსიმემ 1988 წელს, როდესაც სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, სვეტიცხოვლის რეზიდენციაში სექსუალურად იძალადა ერთ-ერთ სტუდენტზე, კ.კ.-ზე.

მღვდელი გიორგი სხილაძე აცხადებს, რომ სტუდენტებმა მაშინდელი რექტორი ამხილეს და ხელწერილი დააწერინეს, პატრიარქმა კი ბრალმდებლები და ბრალდების ადრესატი „დაბარება-გამოკითხვის გარეშე სასწავლებლიდან გარიცხა“, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ზოსიმე კი მოგვიანებით ორჯერ დააწინაურა.

დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ კი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 31 წლის წინ სასულიერო აკადემიაში თავისი რექტორობის დროს მომხდარი მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც მაშინ აკადემიის სტუდენტები იყვნენ, მას ცილს სწამებდნენ.