უარი ელჩის დანიშვნაზე, ვიზიტები სხვა ქვეყნებში - რაზე ედავება „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს

პუბლიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს.

„პრეზიდენტს გვინდა, შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია მოვლენებზე, სადაც „ოცნების“ შეფასებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა და სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

პრეზიდენტის რომელ ქმედებებს მიიჩნევს „ოცნება“ „კონსტიტუციის დარღვევად“, იხილეთ ამონარიდები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან.

ელჩების დანიშვნაზე უარი განაცხადა

„გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში“

„ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროვეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია“,  – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარლამენტში მისვლის თარიღის გამოცხადება და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში

„უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს”.

„ქართული ოცნების” შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის „საწინააღმდეგო ქმედებები” და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.

„ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.