უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე გააქტიურდა ანტისემიტური განწყობები - TGI

პუბლიკა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საგანგაშო ხასიათი მიიღო პრორუსული, ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებამ საქართველოში.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ცნობილი გახდა ანტისემიტიზმის რამდენიმე უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ. ამას ემატება ცალკეული მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ გაკეთებული სიძულვილისა და ანტისემიტური, რუსეთის საპატრიარქოსთან თანმხვედრი განცხადებები. გთავაზობთ ორგანიზაციის განცხადებას:

„ანტისემიტიზმის ახალი ტალღა მოკლული ვიტალის საფაროვის  წინააღმდეგ

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობმა ფაშისტურმა ჯგუფებმა, წამოიწყეს საგანგაშო ანტისემიტური კამპანია 2018 წელს მოკლული ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. 4 მარტს უცნობმა პირებმა ვიტალი საფაროვის დედას ანტისემიტური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს სოციალურ ქსელში. ეთნიკურ და ანტისემიტიზმის ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის დედამ ტელეფონზე მოულოდნელად ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის რამდენიმე შეტყობინება მიიღო. პარალელურად გამოჩნდა რამდენიმე ანტისემიტური ფეისბუქ პროფილი და გვერდი, რომლებიც გარდაცვლილი საფაროვის ფოტოებს იყენებენ და ფაშისტურ, ანტისემიტურ გზავნილებს, მათ შორის, ებრაელების განადგურების მოწოდებებს ავრცელებენ. ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას და საქმის გამოძიება მოითხოვა. ამ ეტაპზე უცნობია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ…

ნაცისტური სიმბოლიკა ებრაული სასაფლაოს კედელზე 

არასამთავრობო ორგანიზაცია ისრაელის სახლის ინფორმაციით, ა. წ. 28 თებერვალს ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სამგორის რაიონში არსებულ ებრაული სასაფლაოს კედელზე დაუდგენელმა პირებმა დახატეს ნაცისტური სვასტიკა (უცნობია ვანდალიზმის ჩადენის ზუსტი დრო). „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, გამოიძახეს პოლიცია და შემთხვევის შესახებ იმავე დღეს ოფიციალურად განაცხადეს ისან-სამგორის პოლიციის მთავარ სამმართველოში. გამოძიების შესახებ ინფორმაცია უცნობია. პოლიციის ადგილზე გამოძახებისა და ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ებრაული თემის წარმომადგენლებმა სასაფლაოს კედელი შეღებეს და ნაცისტური სიმბოლიკა წაშალეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური გზავნილები

უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით კრემლის, რუსეთის საპატრიარქოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირების პროპაგანდისტული გზავნილები ხშირ თანხვედრაშია, ხდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ებრაულ წარმოშობაზე ხაზგასმა დამაკნინებელ კონტექსტში, იგი წარმოჩენილია „გეი აქტივისტად”, ხოლო რუსეთის ომი – უკრაინაში დასავლეთსა და რუსულ „მართლმადიდებლურ ღირებულებებს შორის ბრძოლად”.

მართლმადიდებელი სასულიერო პირები აქტიურად ავრცელებენ და აზიარებენ როგორც საბჭოთა პროპაგანდას, ასევე ამჟამად პუტინის მთავარ გზავნილებს, მათ შორის შეხედულებებს რუსეთის უძლეველობის, რუსეთ-უკრაინის ერთიანობისა და ნატოსა და დასავლეთის მტრული გეგმების შესახებ. ამ კონტექსტში, რუსეთი „ზრუნავს” მეზობელ სახელმწიფოზე და ხალხზე, რაც ეხმიანება კრემლის მთავარ გზავნილს „უკრაინის დენაციფიკაციასა” და „დემილიტარიზაციაზე”.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა ხარება ჩიქოვანმა 6 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიარა პოსტი, რომლის ავტორი უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში წერს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არის ებრაელი და ის შეთქმულების თეორიის ფარგლებში, მიზანმიმართულად ხოცავს უკრაინელებს: „ალბათ ბევრ თქვენგანს ექნება ნანახი უკრაინელი ებრაელის, მულტიმილიონერი პოლიტიკოსის Игорь беркут-ის 2017 წლის ინტერვიუ. სადაც ის საუბრობს პროექტზე „ახალი ისრაელი”. პროექტის თანახმად აუცილებელია უკრაინელი მოსახლეობის 5 მილიონამდე შემცირება. იუთუბი სავსეა ამ თეორიის განხილვით. რა დამთხვევაა, ზელენსკიც ხომ ებრაელია, რომელსაც აქტიური კავშირი აქვს მასონებთან”.

27 თებერვალს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმა გიორგი სამსონიძემ ანტისემიტური შინაარსის პოსტი გააზიარა თავის პირად ფეისბუქგვერდზე, სადაც პოსტის ავტორი რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ ანტისემიტურ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში „კიკინებიან” ებრაელებს აბრალებს და იზიარებს შეთქმულების თეორიას ებრაელების მსოფლიო ბატონობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.