პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებაშია აღნიშნული, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.

„მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ ათი წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა ხუთი წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2022 წლის პირველი აპრილის ჩათვლით.

მეურვეობის კანდიდატთა მიერ განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“,- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში.