„პირი, რომელიც გუშინ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, დაკავებულია”, – ამის შესახებ ბრიფინგზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოიკითხნენ ჟურნალისტი და ოპერატორები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ვიდეოჩანაწერები, დაინიშნა ექსპერტიზები. მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
გუშინ, 17 მარტს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
როგორც „ფორმულას“ რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ჰყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა „ფორმულას“ თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.
თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი „ფორმულადან“ იყო. ნაცემია „ფორმულას“ 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.