დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, პანდემია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად. ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალურად, 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მაგრამ სამჯერ მეტი ადამიანი შეიწირა, რეალურად, პანდემიამ.
„დღეს მე საბჭოს მოვახსენე, რომ მსოფლიოში ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი ამ ორი წლის განმავლობაში კოვიდით. კოვიდმა აჯობა ყველაზე დიდ 4 ინფექციურ მკვლელს – ტუბერკულოზს, ჰეპატიტს, შიდსსა და მალარიას. გადააჭარბა ყველას.
ნახე ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიები „ლანცეტში“, „ეკონომისტში“ და ნახავთ, რომ შეფასებითი მაჩვენებელი გაცილებით უარესია. როგორც ისინი ამბობენ, არა 6 მილიონი, არამედ სამჯერ მეტი შეიწირა პანდემიამ, პირდაპირი თუ არა პირდაპირი გზით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას, ასევე, დისტანციურ რეჟიმზე მუშაობის რეკომენდაცია საჭირო აღარაა.