სასამართლომ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, პროკურატურა 13-წლიან პატიმრობას ითხოვს

პუბლიკა

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო მასშტაბურ თაღლითობაში. სასჯელის ზომაზე სასამართლო მომავალ დღეებში იმსჯელებს. პროკურატურა მოითხოვს, რომ მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, ასევე, დაეკისროს 1,2 მილიონი რუბლის გადახდა – ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

„არ მადარდებს, 113 წელიც რომ მოითხოვოთ, ვერ შემაშინებთ ვერც მე და ვერც ჩემნაირ ადამიანებს“, – თქვა ნავალნიმ.

ნავალნის მხარდამჭერები ვერდიქტს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

რუსი ოპოზიციონერი 2020 წელს ციმბირში ვიზიტისას საბჭოთა პერიოდის ქიმიური ნაერთით მოწამლეს. ნავალნიმ მოწამვლაში პუტინი დაადანაშაულა. კრემლი ბრალდებებს უარყოფს და  აცხადებს, რომ მოწამვლის მტკიცებულებები არ არსებობს. გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის გასულ წელს დააკავეს.

15 მარტის სასამართლო სხდომის შემდეგ ნავალნიმ „ინსტაგრამზე“ დაწერა: „თუ პატიმრობა იმის საფასურია, რომ ვისარგებლო ჩემი უფლებით – ვთქვა ის, რაც საჭიროა… მაშინ მათ შეუძლიათ ჩემი დაპატიმრება 113 წლითაც მოითხოვონ. უკან არ წავიღებ ჩემს სიტყვებსა და ქმედებებს“.