მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით თქვენს სახლებთან გზის გასუფთავებაში, მადლობელი ვიქნებით – კალაძე

პუბლიკა

„დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მიმართავენ გაწმენდის სამუშაოებს,“ – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

„დაიყარა 5 000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს.

მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს. შეფერხებას იწვევს გადაუღებელი თოვაც, თუმცა განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ, თუმცა მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელნი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.