უკრაინას უნდა ეღირსოს ეკლესიის ავტოკეფალია - პრეზიდენტი

პუბლიკა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც მთავრობის მეთაურები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა, რომლითაც მორწმუნეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ „რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ, არც დამოუკიდებლობა იქნებოდა“.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა:

„არ შეიძლება, დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას“, – ასე გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილი დღევანდელ თარიღს.

მან ტაძარში ამბიონიდან მრევლს მიმართა:

„დიდმა საერო მამებმა – ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად – ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია… სწორედ მათი დაჟინებული ძალისხმევით გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს და აღდგა ჩვენი, იმ დროს ქართველების ოცნება – ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება, სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.