ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უკრაინულ სისხლზე მნიშვნელოვანია – ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოჩოვა Twitter-ზე წერს, რომ მომავალ კვირას უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ოთხეულის“ (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება.

ჩერნოჩოვა აღნიშნავს, რომ ის არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში. მისი თქმით, უნგრელი პოლიტიკოსებისთვის „იაფი რუსული ნავთობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ხალხის სისხლი“.

„მე პირადად არ წავალ უნგრეთში „ვიშეგრადის ოთხეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მათ მომავალ კვირას არჩევნები აქვთ და არ მიმაჩნია სწორად, მივიღო მონაწილეობა იქ მიმდინარე კამპანიაში. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრდის ოთხეულს“ და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. დიდება უკრაინას“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი Twitter-ზე.


უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს არის დაგეგმილი. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას.