„ეტყობა, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის მაინცდამაინც – შეიძლება ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს [უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია]“, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „უკრაინას უნდა ეღირსოს ეკლესიის ავტოკეფალია“.
მიტროპოლიტმა იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვებს ქაშვეთთან უპასუხა, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.
ეპისკოპოსის მტკიცებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოს და კიდე რამდენიმე ეკლესიას აღიარებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულად, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია აღიარებული აქვს:
„ავტოკეფალიაზე რასაც ვფიქრობ – მსოფლიოს პატრიარქმა, მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა მათი ავტოკეფალია და კიდე რამდენიმე ეკლესიამ. ანუ იურიდიულად აღიარებული აქვს რამდენიმეს და ეტყობა, ქალბატონმა პრეზიდენტმა არ იცის მაინცდამაინც – შეიძლება ჰგონია, რომ აუცილებელია ყველამ ერთად აღიაროს. წლები გადის ხოლმე და ისე აღიარებენ. პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში, ხომ ხედავთ. რა იქნება შემდგომში, არავინ არ ვიცით და თუ აქტუალობა ექნება რაიმე საკითხს, ეგ საერთო განხილვის თემა შეიძლება გახდეს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია. ავტოკეფალიის აღიარების პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. რუსეთის ეკლესია, რომელიც უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიებსაც განაგებს, ავტოკეფალიის აღიარებას ეწინააღმდეგება.