რუსეთის მთავრობამ შვეიცარიულ ბრენდს ძვირადღირებული საათები ჩამოართვა - მედია

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, რუსეთის მთავრობამ Audemars Piguet-ის ბრენდს მილიონობით დოლარის ღირებულების საათები ჩამოართვა. ძვირადღირებული საათების საცალო ღირებულება 921 ათას დოლარს აღწევს. კომპანიის ორივე მაღაზია მოსკოვში ამ დროისთვის დახურულია.

შვეიცარიულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიული საათები მაღაზიიდან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა ამოიღეს „საბაჟო წესების დარღვევის მოტივით“. ეს შემთხვევა რამდენიმე დღეში მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ აკრძალა რუსეთში ძვირადღირებული აქსესუარების შეტანა.

ამ ეტაპზე ინფორმაციას შვეიცარიული მხარე არ ადასტურებს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთმა სანქციების საპასუხოდ გადადგა.

საათების ინდუსტრიის წარმომადგენელთა მონაცემებით, გასულ წელს შვეიცარიამ რუსეთში 280 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა.

გარდა საათებისა, რუსეთი უარს ამბობს მის ტერიტორიაზე განთავსებული ასობით უცხოური სამგზავრო თვითმფრინავის დაბრუნებაზე, მათი ღირებულება ჯამში დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თვის დასაწყისში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობა რუსეთს იმ დასავლური კომპანიების ქონების ნაციონალიზების საშუალებას მისცემს, რომლებიც ქვეყნიდან გადიან.