ბუჩას ხოცვა-ჟლეტის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდეს - „ლელო“

პუბლიკა

პარტია „ლელო“ მოითხოვს, რუსეთის მიერ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო, 5 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდეს.

„5 აპრილი გამოცხადდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გლოვის დღედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესა და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით“, – წერია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლელოს“ განცხადებით, რუსეთის ქმედება უკრაინაში ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ომის დანაშაულს. შესაბამისად, რუსეთის ქმედება უნდა გამოიძიონ და დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ასევე მოითხოვს:

„ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებისათვის, მათ შორის, გააგრძელოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყოს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ჰააგის სასამართლოს მიერ.

გაეწიოს აქტიური დახმარება უკრაინის ხელისუფლებას და მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.