ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 აპრილიდან მედიკამენტებზე რეცეპტს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწერენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლისა და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფარმაცევტულ სექტორში სახელმწიფოს სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
მათივე ცნობით, 11 აპრილიდან, ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოწერენ.