იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს, „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით – CNN

პუბლიკა

იტალია 30 რუს დიპლომატს აძევებს „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით – ინფორმაციას იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სხვა ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო,  მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით“, – თქვა დი მაიომ.

მისივე თქმით, იტალია მზადაა, უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორი გახდეს და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ.

იტალიის გარდა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ,  მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, დანიამ და ნიდერლანდებმაც გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება. დანიამ დღეს განაცხადა, რომ გააძევეს 15 დიპლომატი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსი დაზვერვის ოფიცრები იყვნენ.