ველოდებით მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან - კულება დაზვერვის ინფორმაციაზე

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გამორიცხავს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, თუკი არ მიიღებენ საქართველოსგან მტკიცებულებას, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში არ ეხმარება. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ თუ რა მოვიმოქმედოთ, თუკი ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება“, – განაცხადა კულებამ. მისი თქმით, უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოს პოზიციაზე გავლენა ისევ აქვთ.

„უკრაინასა და მის მოკავშირეებს საქართველოზე გავლენა რომ არ ჰქონოდათ, რუსები უკვე შექმნიდნენ ამ ქვეყნის გავლით სანქციებისთვის გვერდის ასავლელ მარშრუტს“, – თქვა კულებამ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.

ამ ინფორმაციას უარყოფენ საქართველოს ხელისუფლებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრიი კასიანოვს შეხვდა, რომელზეც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. უკრაინულმა მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების წარმოდგენის მოთხოვნით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.

„შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.