რუსულმა კრემატორიუმებმა მარიუპოლში კვალის დასაფარავად მუშაობა დაიწყო - საბჭო

პუბლიკა

რუსულმა მოძრავმა კრემატორიუმებმა მარიუპოლში მუშაობა დაიწყო, რათა გაანადგურონ ქალაქში რუსული არმიის დანაშაულის მტკიცებულება.

„მკვლელები კვალს შლიან. მარიუპოლში მუშაობა დაიწყო რუსულმა მობილურმა კრემატორიუმებმა. ბუჩაში გენოციდის ფართო საერთაშორისო გაშუქების შემდეგ რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ბრძანა, აღმოფხვრას მარიუპოლში თავისი არმიის დანაშაულის ყოველგვარი მტკიცებულება“, – განაცხადა მარიუპოლის ქალაქის საბჭომ.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, ერთი კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  მარიუპოლში 5000 მშვიდობიანი მოქალაქე იყო მოკლული.

მათივე თქმით, ქალაქის სიდიდის, კატასტროფული ნგრევისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მარიუპოლში ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.

„ამიტომაც რუსეთი არ ჩქარობს მწვანე შუქი აუნთოს თურქეთის ინიციატივას, მარიუპოლისთვის სამაშველო და სრული ევაკუაციის შესახებ…

რუსები აგროვებენ და წვავენ რუსეთის შემოჭრის შედეგად მოკლულთა და დაღუპულთა ცხედრებს მარიუპოლში. მათ კოორდინაციას უწევს თვითგამოცხადებული მერი, კოლაბორაციონისტი კონსტანტინე ივაშჩენკო. მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი თანმხლებნი ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ საბოლოოდ მან მოახერხა, გამხდარიყო მარიუპოლის კრემატორიუმის დირექტორი“, – ნათქვამია ქალაქის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქის საბჭოს განცხადებით, ის, რაც მარიუპოლში ხდება, ასეთი ტრაგედია მსოფლიოს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ აღარ უნახავს.

„რუსებმა მთელი ჩვენი ქალაქი სიკვდილის ბანაკად აქციეს. სამწუხაროდ, ეს საშინელი ანალოგია საკონცენტრაციო ბანაკებთან სულ უფრო და უფრო სარწმუნო ხდება. ეს აღარ არის ჩეჩნეთი და ალეპო, ეს არის ოსვენციმი და მაედანიკი“, – ნათქვამი ქალაქი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


3 მარტს, გამთენიისას უკრაინულმა და უცხოურმა მედიამ გაავრცელა ქალაქ ბუჩაში არსებული ვითარების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ბუჩის ქუჩებში დახოცილი მოქალაქეები იყო ასახული. ფოტოების მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრეტილი და ნაწამები იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი აპრილის პირველ დღეებში დაიბრუნეს.  მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.