რუსეთი შიმშილს იყენებს იარაღად უკრაინის წინააღმდეგ ომში - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში შიმშილს იყენებს იარაღად.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსული ძალები ანადგურებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, ჰუმანიტარულ პროდუქტს, ადამიანებისთვის საარსებო წყაროებს.

„რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ მათთვის შიმშილიც იარაღია. იარაღი ჩვენი, უბრალო ხალხის წინააღმდეგ, როგორც ბატონობის იარაღი.

ისინი ანადგურებენ ნივთებს, რაც ხალხს უნარჩუნებს საარსებო წყაროს. მათ ასევე დაბლოკეს ჩვენი ყველა საზღვაო პორტი და გემები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო ტვირთი ექსპორტისთვის. უკრაინა არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სურსათის ექსპორტის კუთხით. იქნება საკვების დეფიციტი და ფასები გაიზრდება და ეს რეალობაა მილიონობით ადამიანისთვის, ვინც შიმშილობს და მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება ოჯახების გამოკვება“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ იცის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ ჯერ კიდევ უწევთ ზოგიერთი ევროპული კომპანიის დარწმუნება, დატოვონ რუსული ბაზრები.