მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს - საგარეო უკრაინის მხარის განცხადებებზე

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას კომენტარს, რომელიც უკრაინის უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრის დროს უკრაინული მხარის ბრალდებების მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოთქმულ პოზიციებს შეეხება.

სამინისტროს ცნობით, „ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე, თითქოსდა საქართველოს მხრიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის შესახებ.“

„ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილი, მიუხედავად იმისა რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს და დიდ რისკს შეიცავს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით. უკრაინელ დიპლომატს მოეწოდა ქართული მხარის შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა დამატებითი განმარტებები, მათ შორის მსგავს თემებზე თბილისის მხრიდან პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის შესახებ.

სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე. მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნების მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნების უსაფრთხოებას.

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.