სენატმა უკრაინის დასახმარებლად II მსოფლიო ომისდროინდელი პროგრამა აღადგინა - Politico

პუბლიკა

სენატმა აღადგინა სახელმწიფო პროგრამა „ლენდ-ლიზი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევდა, მყისიერად მოემარაგებინა მოკავშირეები ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთხმად მხარდაჭერილი კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, ბევრად ეფექტიანად, სწრაფად და პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გაუგზავნოს იარაღი უკრაინას.

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, უკრაინას რუს დამპყრობელზე გამარჯვება შეუძლია“, – წერს Politico.

როგორც გამოცემა წერს, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი“ კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების უკრაინისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე გადაცემის საშუალებას იძლევა. აქტი აღჭურვილობის დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა იმ დათქმით, რომ მიმღები ქვეყნები აშშ-ს მოგვიანებით გადაუხდიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა ამერიკის სენატს და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის აქტზე ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერას.