სტეფანჩუკის მოწვევა ბუჩაში ჩასვლაზე შალვა პაპუაშვილმაც მიიღო

პუბლიკა

უკრაინის საელჩოში ბრიფინგზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერები, მათ შორის, შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია.

„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო რუსეთის სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და თავიანთი თვალით ნახონ ეს დანაშაული.

შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა“, ‒ განაცხადა კასიანოვმა. [საელჩოს თარჯიმნის თარგმანი]

რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გუშინ, 7 აპრილს განაცხადა, რომ ოფიციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის პარლამენტებსა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერებს, რომ ჩავიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ უკრანის გათავისუფლებული ქალაქები, განსაკუთრებით ბუჩა და ირპინი. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე სტეფანჩუკმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის სპიკერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მონიშნა.

 


3 აპრილს, კიევის ოლქში, გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულმა უკრაინელმა სამხედროებმა ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული ადამიანების ცხედრები, ასევე, სარდაფებში მოკული, დამწვარი ბავშვები და ქალები. უკარინულმა მხარემ ვიდეო და ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს ასახავს. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.