საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 9 აპრილთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა.
შეწყალებულთა შორის 7 ქალია, 6 კი უკრაინის მოქალაქე. პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.
ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.