უკრაინას ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შემდეგ შესავსები კითხვარი გადაეცა

პუბლიკა

8 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომელიც უკრაინამ EU-ში გაწევრების განაცხადის შეტანის შემდეგ უნდა შეავსოს.

ერთობლივ ბრიფინგზე ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროკავშირი მზადაა, კვირაში 7 დღე, დღეში 24 საათი უკრაინასთან ერთად იმუშაოს შედეგის მისაღწევად. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კითხვარს ერთ კვირაში შეავსებენ.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა გუშინ უკრაინაში ვიზიტის დროს ბუჩაც მოინახულა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. „თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა“ – მიმართა პრეზიდენტმა უკრაინელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროკავშირმა 1 მილიარდი ევრო გამოჰყო უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღით მხარდასაჭერად და აპირებენ, კიდევ 500 მილიონი ევროს შეთავაზებას.