საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „კრიზისი პრაქტიკულად გადალახული და ამოწურულია“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას აკრიტიკებდნენ, ე.წ. მწვანე ბარათი გაუქმების გამო.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია. დღეს ყოველ შემთხვევაში ასეა, ეს სიტუაცია გვაქვს.
აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, გახსოვთ კარგად, რაც ომიკრონი შემოვიდა და ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე ბარათები, რადგან აზრს კარგავდა აღნიშნული მწვანე ბარათი. მაშინ მივიღეთ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა, რომ ეს როგორ გააკეთეს და ა.შ. ვნახეთ, რომ სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის მიერ, მთავრობის მიერ, საბჭოს მიერ და ამიტომ ყველაფერი არის სტაბილურად და სიტუაცია დასტაბილურდა “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კოვიდის მართვისას არანაირი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას. „ეს სტრესი და ეს წნეხი მოიხსნება, “- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი.