დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი მატერიალური სახით აღარ გაიცემა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„დღეიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი, მატერიალური სახით, ქაღალდზე ასე ვთქვათ, აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

პრემიერი იმედოვნებს, რომ ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

„საქართველოში, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესრიგი მოქმედებს, წამლების გაცემა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

სწორდ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტით მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი როგორც რეცეპტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ისე გამომწერი ექიმების გაკონტროლებაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში.

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს; ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, – აღნიშნა პრემიერმა.