ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

განახლება: მიშა მშვილდაძემ დაწერა, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს 2021 წელს დაწერილი სტატუსის გამო: „ჟურნალისტებმა მკითხეს და ვერ ვუპასუხე და აქ [სასამართლოში] გავარკვიეთ, რომ ჩემი სტატუსის გამო დაბარებული ვარ დაკითხვაზე 2021 წლის საქმეზე, თუ გახსოვთ, (მე არ მახსოვდა)არჩევნების მეორე ტურის წინ რომ გამოდეს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფარულად ჩაწერილი ბესო წერედიანის არაფერი და რომ აღძრეს საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით – აი მაგ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, – წერს მშვილდაძე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მშვილდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მშვილდაძის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებული facebook პოსტის გამო დაიბარეს.

სუს-ის ცნობით, მშვილდაძეს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხავენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მშვილდაძე დღეს 17:00 საათზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

„ფორმულას“ ცნობით, 4 აპრილს მიშა მშვილდაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუჩის კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი იჩაგრება და ისჯება.

„ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა“, – წერდა მშვილდაძე 4 აპრილს.

როგორც მიშა მშვილდაძემ „ფორმულასთან“ განაცხადა, მის პოსტს არაფერი მოჰყოლია და ის მხოლოდ სხვადასხვა სცენარის ნაწილია, რომელსაც მოქალაქეები განიხილავენ.

„ფაქტია, რომ არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: „აბა რა ვქნათ“ – მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებელს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება”. – ამბობს მშვილდაძე.


სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ, მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.