ოზურგეთში ძალადობრივი და პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიულ მოძრაობის“ ოფისზე ბანერი ჩამოხსნილია და ნაქირავები სახლის ჭიშკარზე საქართველო-უკრაინის დროშაა გადმოფენილი, – როგორც ტელეკომპანია „ფორმულა” ადგილიდან იუწყება, აღნიშნული პროტესტის ნიშნად სახლის მეპატრონის შვილიშვილმა გააკეთა.
როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და „ალტ-ინფოს” პარტიას ოფისის გახსნის საშუალება ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, „გააცურეს“.
„არანაირად არ ვემხრობი „ალტ-ინფოს”. მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და ვერ ავიტან რუსულ პროპაგანდას. რუსეთის სისასტიკეს არანაირად არ ვემხრობი. სანამ აქ ვიქნები, „ალტ-ინფო“ თავის ბანერს ვერ გადმოფენს, შეძლეს და მათ გააცურეს ჩემი ასაკოვანი ბებია. მე არ ვუჭერ მხარს რუსეთს, ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს“, – ამბობს ბიჭი.
ის ძალადობრივი პლატფორმის წევრებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.