მოსკოვში უკრაინას დაემუქრნენ, რომ შეუძლიათ „გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები“ დაბომბონ

პუბლიკა

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვი უკრაინას კიევში მდებარე „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ თავდასხმით დაემუქრა.

იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან დივერსიებისა და თავდასხმების მცდელობებს ხედავენ, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის საპასუხო ზომები მოჰყვება.

„ჩვენ ვხედავთ დივერსიებისა და თავდასხმების მცდელობებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე…

თუკი მსგავსი შემთხვევები გაგრძელდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები იერიშს მიიტანს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე, მათ შორის, კიევშიც, რისგანაც რუსული არმია აქამდე თავს იკავებდა“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

კონაშენკოვის განცხადების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევზე სარაკეტო თავდასხმა რამდენჯერმე უკვე მოხდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 25 თებერვალს კიევის მისამართით ნასროლი რაკეტების ჩამოყრა შეძლო, 26 თებერვალს კი უკრაინული მედიის ცნობით რაკეტა დაეცა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს.

1 მარტს კიევში დაიბომბა ტელეანძა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. 2 მარტს კი, უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში არსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თავდაცვის სამინისტროს მისამართით ნასროლი რაკეტების ჩამოყრა შეძლეს.

რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევში 14 მარტს. 18 მარტს კი რუსულ სარაკეტო იერიშს კიევის საცხოვრებელ უბანში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. 21 მარტს სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე, რომელიც მთლიანად განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.