პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსულ სამხედრო გემზე აფეთქება მოხდა, მაგრამ მათი ინფორმაციით Moskva არ ჩაძირულა და თავისით გადაადგილებას ახერხებს.
„ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, თუ რა მოხდა იქ. ჩვენი შეფასებით, მოხდა აფეთქება, მინიმუმ ერთი ძლიერი აფეთქება გემზე, რამაც გამოიწვია ხომალდის დამატებითი დაზიანება“, – განაცხადა კირბიმ.
თუმცა, ჯონ კირბის თქმით, ხომალდი გადარჩა და სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოებისთვის პორტისკენ გადაადგილდება.
„ვფიქრობთ, გემი აღმოსავლეთით მიემართება. ჩვენი აზრით, სევასტოპოლში სარემონტო სამუშაოებისთვის“, – თქვა კირბიმ და დასძინა, რომ ყოველ შემთხვევაში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გემიდან შველას ითხოვდნენ და ზღვაში გაშლილმა რუსული ხომალდებმა Moskva-ს დასახმარებლად გაცურეს.
უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ მართალია მათ თავად არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია აფეთქება, მაგრამ უკრაინელები აცხადებენ, რომ გემს რაკეტები მოხვდა. აღსანიშნავი კი ისაა, რომ ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, რისი თქმაც თავად რუსებსაც მოუწიათ.
სალივანის თქმით, რუსეთს ორი არჩევანი ჰქონდა, დაებრალებინა მათი ფლაგმანის დაზიანება გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, რაც მათ არაკომპეტენტურობას გაუსვამს ხაზს ან განეცხადებინათ, რომ ხომალდზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სალივანის თქმით, ამ ორიდან ნებისმიერი ვერსიის აღიარება რუსეთისთვის არასასურველია.