„უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა“, – ამის შესახებ კრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა twitter-ზე დაწერა.
12 პრილს რადაში დარეგისტრირდა №7276 პროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის შესახებ“.
12 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ სტეფანჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა უკრაინელი ხალხის არსებობის უფლების არაღიარების შესახებ დასტურდება პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების არაერთი საჯარო განცხადებით, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქმედებებით. მან მოუწოდა მსოფლიოს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიაროს.
„ყოველდღიური მასობრივი მკვლელობები, გატაცებები, პატიმრობა, წამება, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, მკვდრების დაცინვა, სიკვდილით დასჯა, დასახლებების ბლოკადა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება… უკრაინა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები უკრაინაში“, – თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.
13 აპრილის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში გამოვლენილი სისასტიკე კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი.
როგორც მან განაცხადა, ამის აღნიშვნას მანამდე ერიდებოდა, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ გამართლებულია, რადგან ამის მტკიცებულებები ჩანს იმ ქალაქებიდან, სადაც რუსული ჯარი იყო შესული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ მოხსენიებაზე.
„დღეს ასეთ ტერმინებთან [გენოციდი] დაკავშირებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან“, – განაცხადა მაკრონმა.