რუსული სამხედრო ხომალდი Moskva ჩაიძირა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

რუსული სამხედრო ხომალდი Moskva ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია RIA Novosti რუსეთის თავდაცის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „საბრძოლო მასალის აფეთქების“ შედეგად დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გამოყვანისას ჩაიძირა.

„სარაკეტო კრეისერმა Moskva-მ  საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა“, – წერს სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.


13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში რუსული ზღვის ფლოტის კრეისერი Moskva იწვოდა. მედიის ცნობით, გემს უკრაინელებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.

ხომალდზე ცეცხლი გაჩენის ფაქტი მაშინვე დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, კრეისერზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა. „ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ”, – წერდა რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

Moskva-ზე თავდასხმას საერთაშორისო მედიაში რეზონანსი მოჰყვა. ეს სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინიზე მყოფ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, მათ კი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით უპასუხეს მტერს.

Moskva შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო. ის გამორჩეულ მნიშვნელობას ატარებდა რუსეთისთვის, მისი ძლიერების სიმბოლოა და მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში. თავად Moskva-ს არ ჰქონდა სახმელეთო ობიექტებზე შეტევისთვის განკუთვნილი იარაღი, როგორიცაა მაგალითად „კალიბრის“ რაკეტები. ის შეიარაღებული იყო ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღებითა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებით.