რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება - The Washington Post

პუბლიკა

რუსეთმა აშშ-ს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს უკრაინის იარაღით მომარაგება, რადგან ამას „გაუთვალისწინებელი შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, შეერთებულ შტატებში რუსეთის საპროტესტო ნოტა მიიღეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, რომ შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს“, – ციტირებს The Washington Post  რუსეთის მიერ გაგზავნილ ნოტას.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი აშშ-ს „განსაკუთრებით მგრძნობიარე შეიარაღების“ მიწოდებისგან თავის შეკავებას სთხოვს. საპროტესტო ნოტა 12 აპრილითაა დათარიღებული.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ აგზავნის დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღს, საბრძოლო მასალას და უსაფრთხოების სხვა დახმარებას. გადასაცემი შეიარაღების ახალი პაკეტი მოიცავს დრონებს, არტილერიასა და ვერტმფრენებსაც.