Moskva-ს მეთაური, ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა - Nexta

პუბლიკა

სამხედრო ხომალდის Moskva-ს მეთაური, ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ Nexta უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, კაპიტანმა ანტონ კუპრინმა გასცა ბრძანება კუნძულ ზმეინის დაბომბვაზე.


14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ხომალდი Moskva ჩაიძირა. მათი განცხადების თანახმად, „საბრძოლო მასალის აფეთქების“ შედეგად დაზიანებული ხომალდი ბუქსირით გამოყვანისას ჩაიძირა.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შავ ზღვაში რუსული ზღვის ფლოტის კრეისერი Moskva იწვოდა. უკრაინული და საერთაშორისო მედიის ცნობით, გემს უკრაინელებმა ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს.

Moskva-ზე თავდასხმას საერთაშორისო მედიაში რეზონანსი მოჰყვა. ეს სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინიზე მყოფ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, მათ კი უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით უპასუხეს მტერს.

Moskva შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო. ის გამორჩეულ მნიშვნელობას ატარებდა რუსეთისთვის. მისი ძლიერების სიმბოლოა და მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციაში.