ბერლინში საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში – აღნიშნული საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბერლინში გამართულ შეხვედრებზე. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერილობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა.

„შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.