პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და პარტიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა, ჩაერთოს ყველა საპროტესტო მოქმედებაში.
ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რაც სპეციალისტებისგან მოისმინა, საგანგაშოა.
ხოშტარიას განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია არის შეურაცხმყოფელი, როდესაც „ადამიანის წამების პირობებში სადისტურ განცხადებებს აკეთებენ“.
„სააკაშვილის საკითხი არ არის მხოლოდ მისი ოჯახის ან მისი პარტიის საკითხი. მე არ ვარ მისი პარტიის წევრი, აღარ მოვყვები ჩვენს განსხვავებულ ურთიერთობებს, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უყურებს რუსეთის, პუტინის თავდასხმას და აგრესიას თავისუფალ უკრაინაზე, რომელსაც რუსეთის, ამ დიდი ბოროტების თავდასხმა ახსოვს საქართველოზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უმოქმედობა და ჩუმად ყოფნა ნამდვილად არ შემიძლია.
ამიტომ, მე ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას მის ოჯახს, მის პარტიას ამ საკითხში და მზად ვარ ჩავერთო ყველა საპროტესტო მოქმედებაში. რა თქმა უნდა, უმოქმედობის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. ერთხელ გადავდგი ძალიან რადიკალური ნაბიჯი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ეს არ ყოფილა ემოციური ან სიტუაციური, ეს იყო იმ პრინციპის დაცვის აუცილებლობა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ზოგადად, ადამიანობას სჭირდება, პირველ რიგში. ამიტომ, არ ვაპირებ გაჩუმებას ან გაჩერებას და ჩავერთვები აბსოლუტურად ყველა მოქმედებაში, მისი უფლებების დასაცავად“, – განაცხადა ხოშტარიამ.
„მივმართავ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, იგივე შეიძლება მოხდეს თქვენთანაც, იგივე შეიძლება განმეორდეს თითოეულ თქვენ ოჯახში. აქ არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს. საუბარია, სასჯელის გადავადებაზე. გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რაც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.
2 მაისს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრების დაწყების შესახებ განაცხადეს, რათა გააცნონ არსებული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში მასშტაბურ აქციებიც გამართონ.