ზელენსკიმ შტაინმაიერი და შოლცი კიევში მიიწვია

პუბლიკა

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ შტაინმაიერისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი და კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

აპრილის შუა რიცხვებში შტაინმაიერი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად გეგმავდა კიევში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მას შეატყობინეს, რომ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურდა, წარსულში რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერდა.