გარე ლიფტი და საევაკუაციო კიბე | ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

პუბლიკა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის (გუდიაშვილის N1)  მეორე-მეექვსე სართულების რეაბილიტაციისთვის 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. დაგეგმილი სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი მოიცავს საევაკუაციო კიბისა და ლიფტის მიშენებას.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ლიფტი და საევაკუაციო კიბის უჯრედი ეზოს მხარეს, შენობის გარე პერიმეტრზე, შენობისგან დამოუკიდებლად ეწყობა, „რომელიც შენობის უსაფრთხოებას გაზრდის“.  

„პროექტი ითვალისწინებს შენობის რეაბილიტაციას მცირედი გადაგეგმარებით, ფასადზე იხსნება არსებული ეკლარის ქვა, რომელიც ადგილ-ადგილ ჩამოვარდნილია და მისი აღდგენა არარენტაბელურია, რადგან შენობა არ არის ისტორილი ძეგლი. აქედან გამომდინარე ფასადზე ეწყობა ვენილირებადი კერამო გრანიტის ფასადი, რომლის ფერი თითქმის იდენტურია არსებული ქვის ფერთან.

ეზოს მხარეს, შენობის გარე პერიმეტრზე, შენობისგან დამოუკიდებლად, ეწყობა დამატებითი განიავებადი საევაკუაციო კიბის უჯრედი და საკაცის ტევადობის ლიფტი, რომელიც შენობის უსაფრთხოებას გაზრდის.

არსებული ლიფტის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდა, რადგან მასში საკაციანი ლიფტის მონტაჟი შეუძლებელია და ამასთან ამ შახტაში ჩამონტაჟებულია მომიჯნავე შენობის სავენტელაციო სისტემა.

ეზოში ჩნდება გამწვანება რეკრიაციული სივრცე, პიედესტალი და სამაყურებლო ზონა…

საექსპოზიციო სივრცეში იატაკებზე დაგებული იქნბა გრანიტის ფილა, რაც გაზრდის მის ვიზუალურ ეფექტს. აღნიშუნლი მასალა ნაკლებად ცვეთადია, ხანძარ მედეგია.

გასასვლელებში ეწყობა ხანძარმედეგი კარები…“, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეზეა გაანგარიშებული.


თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ხელოვნების მუზეუმის შენობის ფიზიკური მდგრადობის საკითხი. ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადებები, რომ ხელოვნების მუზეუმი „ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“. მინისტრის განცხადებების შემდეგ გამოქვეყნდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების“ შესახებ კვლევა, რომელშიც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“.

მინისტრის ამ განცხადებებს მწვავე პროტესტი მოჰყვა. ისინი შიშობდნენ, რომ სამინისტრო მუზეუმის შენობის დემონტაჟი სურდა. პერიოდულად ხელოვნების მუზეუმსა და სამინისტროსთან მიმდინარეობდა აქციები, რის შემდეგაც სამინისტროს მხრიდან შენობის „არარენტაბელურობაზე“ საუბარი შეწყდა. 18 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება.