„უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები“

პუბლიკა

16 მაისს, გვიან ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 264 უკრაინელი ჯარისკაცი  „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონბასის რეგიონშია ევაკუირებული.

ქარხნიდან გაყვანილი ჯარისკაცების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს რუს ტყვეებში გაცვლიან. ევაკუაციის პროცესში გაერო და წითელი ჯვარი ჩაერთნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

 „აზოვსტალიდან“ ჯარისკაცების გამოყვანის ქრონოლოგია:

16 მაისს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას მარიუპოლის ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის შესახებ. რუსეთის ამ განცხადებას უკრაინა თავდაპირველად არ ადასტურებდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ „ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მიმდინარე პროცესებს“.

მოგვიანებით „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ ტელეგრამის არხზე გაავრცელა განცხადება, რომ „აზოვმა“ მისია შეასრულა და ისინი ემორჩილებიან უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას. პროკოპენკოს თქმით, ისინი 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მტრის იერიშს, რის გამოც უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, რომ გადაჯგუფებულიყვნენ, მოემზადებინათ არმია და მიეღოთ შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებიდან.

„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – განაცხადა დენის პროკოპენკომ.

 

 

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურების მიმართ უმაღლესი სამხედრო სარდლობის ბრძანებაა – გადაარჩინონ პერსონალის სიცოცხლე.

შუაღამით დაიწყო უკრაინული ჯარისკაცების გადარჩენის ოპერაცია. ევაკუაციის შესახებ ფოტოები Reuters-მა გაავრცელა. უკრაინის დროით ღამის 12 საათისთვის Reuters წერდა, რომ ათეულობით ავტობუსმა „აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა.

შუაღამით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები“.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს შეთანხმების მისაღწევად, რომელიც აზოვსტალის დამცველებს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს. მისი თქმით, „ამ საქმეს დელიკატურობა და დრო სჭირდება“. 

ეროვნული გვარდიის „აზოვის“ ბრიგადა და 36-ე საზღვაო ბრიგადა უკანასკნელი უკრაინული ძალებია, რომლებიც ისევ რჩებიან მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში.

როგორც The Kyiv Independent წერს, 24 თებერვლიდან 15 აპრილამდე პერიოდში მხოლოდ „აზოვის“ ბრიგადამ ქალაქში დახოცა  2500 რუსი ჯარისკაცი, დაჭრა 5000-ზე მეტი, გაანადგურა 60-ზე მეტი და დააზიანა 30-ზე მეტი ტანკი.

აპრილის ბოლოდან „აზოვსტალში“ ფოლადის ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები უკვე ალყაში იყვნენ. „აზოვის“ ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ჯარისკაცები ბრძოლას არ წყვეტდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, ჯარისკაცებს აღარ ჰქონდათ სასმელი წყალი, საკვები და მედიკამენტები.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა „აზოვსტალში“ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინელ და მსოფლიო ლიდერებს, ეპოვათ გზა მათი ალყიდან გამოსაყვანად. ისინი ითხოვდნენ მესამე მხარის ქვეყანაში ევაკუაციის ორგანიზებას.

„აზოვსტალის“ ქარხანაში დაახლოებით 1000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო ჩარჩენილი.  ერთ-ერთი ჯარისკაცის თქმით, მათგან დაახლოებით 600 დაჭრილია.

როგორც გამოცემა The Kyiv Independent წერს, ჯარისკაცმა, რომელიც ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი იყო, თქვა: „დაჭრილი ჯარისკაცები კიდურების გარეშე წვანან ერთმანეთის გვერდით ანტისანიტარიულ პირობებში, სადაც არის ბუზები, ტკივილისგან ყვირიან და ტრიალებს უსიამოვნო სუნი“.

უკრაინაში „აზოვსტალის“ ჯარისკაცებს „ჩვენი დროის გმირებს“ უწოდებენ.

სტრატეგიულად მდებარე საპორტო ქალაქი, მარიუპოლი რუსეთის შეჭრის დღიდან აქტიური დაბომბვის ქვეშაა. ქალაქის აღება რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის რუსეთს შესაძლებლობას მისცემდა ანექსირებული ყირიმი და ოკუპირებული დონბასი ერთმანეთთან დაეკავშირებინა.

როდის მოხდება ტყვეების გაცვლა – ამ საკითხზე ჯერჯერობით უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები არ გავრცელებულა.