ქარტია მოუწოდებს უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ულტრარადიკალური ჯგუფები, შარშანდელის მსგავსად, ახლაც იმუქრებიან პრაიდკვირეულისთვის ხელის შეშლით.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ძალადობრივი ჯგუფების მუქარის შემცველი განცხადებები.

ქარტია ასევე მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია და დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში, სადაც ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართავს. 

ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ მობილიზებას გეგმავენ  „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ.


2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.