„დარწმუნებული ვარ, ახლაც პრემიერი ხალხის გვერდით დადგება“ - მორგოშია

პუბლიკა

ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშია „TV პირველის“ ეთერში კვლავ აცხადებს, რომ მობილიზებას გეგმავენ ივლისში „პრაიდის კვირეულის“ წინააღმდეგ.

ის აცხადებს, რომ პოლიცია არ წავა მათ წინააღმდეგ და „ქართველი ხალხის“ გვერდით დადგება. კოკა მორგოშიას თქმით, დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილიც მათ გვერდით დადგება, რადგან „მისი განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან“. 

„კონსერვატიულ მოძრაობა „ალტ-ინფოს“ აქვს იმის რესურსი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოიყვანოს და დარწმუნებული ვარ ამას მიემატება სხვა ხალხიც.

როგორც 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის გამარჯვების დღე,  2 ივლისიც იქნება დამადასტურებელი რომ საქართველოში ეს მაიმუნობები დამთავრდება.

ხალხის ნებაზე ზევით არანაირი კანონი არ არსებობს, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით რომ პოლიცია ხალხის წინააღმდეგ არ წავა. იმდენი ვიქნებით, რომ უბრალოდ აზრი არ ექნება არაფრის დაცვას, არ მოვლენ ….  გეუბნები ღიად, მეტი როგორ გითხრა ანუ იმდენი ვიქნებით, ვერავინ მათ ფესტივალს ვერ დაიცავს.

ირაკლი ღარიბაშილის მეორე ვადით პრემიერობის შემდეგ, ყველა განცხადება, ფაქტობრივად, თანხვედრაშია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასთან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერიც ამ შემთხვევაშიც ქართველი ხალხი აბსოლუტური უმრავლესობის გვერდზე დადგება”, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.

ამის შესახებ კოკა მორგოშიამ გუშინაც განაცხადა Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ. ასევე, ხალხის მობილიზებაზე საუბრობდა გასულ კვირას „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერი ზურა მახარაძე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს“ ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია;

  • გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად;

  • უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირების დაკავება.


2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.