მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყება - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოს, დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რეაბილიტაციის პერიოდში ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივი გახდება.

„ვიწყებთ მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები. დამონტაჟდება განათების ბოძები, LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.