პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ 9 მოსამართლე სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 14 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენია.
ელენე ხოშტარიამ დაასახელა მოსამართლეები, რომელთაც, მათი აზრით, სანქციები უნდა შეეხოს:
„1. მიხეილ ჩინჩალაძე – ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2012-13 -ის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი ე.წ. სასამართლო „კლანის“ შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მურუსიძე მაგრამ „კლანის“ რეალური თავია.
2. ლევან მურუსიძე – გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის, წინა ხელისუფლებაში. ის უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს კი მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და დაასახელა სასამართლოს ღერძად, რის შემდეგაც ის არ ერიდება არც პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვას და არც საკუთარი მიკერძოებულობის ჩვენებას. მურუსიძეს ღიად ეძახიან ამ კლანური, მაფიოზური სასამართლოს მმართველობის ლიდერს.
3. შალვა თადუმაძე – ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ პროკურატურაში გაამწესეს იმისთვის, რომ საქმეები შეეკერა. შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უზენაეს სასამართლოში, პოლიტიკური მართლმსაჯულებს სისტემის ბოლომდე ჩასაკეტად.
4. გიორგი მიქაუტაძე – უვადო მოსამართლე უზენაეს სასამართლოში. ის იუსტიციის საბჭოში იყო მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა. ღიად ასრულებდა ყველა პოლიტიკურ დავალებას.
5. ლაშა ჩხიკვაძე – ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც პრაქტიკულად სანქცირებულიც არის უკვე აშშ-ისგან. მას უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც დაიღუპა ადამიანი. გაიხსნა საქმე, რომელიც დღემდე მიმდინარეა, იმისთვის, რომ ის იყოს ამ საქმის ტყვეობაში და შეასრულოს პოლიტიკური დავალებები. გვარამიას საქმე მსოფლიომ მყისიერად შეაფასა, როგორც მედიაზე შეტევის საქმე. „Amnesty International”-მა მყისიერად მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლება. ჩხიკვაძეც არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ერთ-ერთი სიმბოლო.
6. ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები – ძმები რომელთა ხელშიც გადიოდა თავიდანვე ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე – „კაბელების“, „ციანიდის“, „რურუას“ საქმეები.
7. ირაკლი შენგელია – შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ჩინჩალაძის ერთ-ერთი საყრდენი, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დის შვილი და დის ქმარი ჰყავს დასაქმებული მართლმსაჯულების სისტემაში. ალბათ მოგსმენიათ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ ეს ე.წ. კლანურ მმართველობა ხშირად ეყრდნობა, მათ შორის, ნათესაურ კავშირებს.
8. სერგო მეთოფიშვილი – ეს არის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები.“
ელენე ხოშტარიას თქმით, ინფორმაცია სრულად ეყრდნობა ორგანიზაციაში „კოალიცია მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობოების კვლევებს. ესენია: GDI, საია, გამჭვირვალობა, ფლანგვის დეტექტორი და სხვა.
მისი თქმით, მოძიებულ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან.
„დროამ“ გასულ კვირას დაასახელა 5 ბიზნესმენი, რომლებიც ასევე სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდნენ. ესენი არიან: დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი.
„მათზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვლევ და მომზადებულ მასალებს ვაწვდით ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს. ისინი ამ ყველაფერს გადაამოწმებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.