0,000305 გრ MDMA და 0,000106 გრ „მეტამფეტამინი“ – საკონსტიტუციოში სხდომა მიმდინარეობს

ნათია ამირანაშვილი

დღეს, 21 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების – 0,000305 გრამი MDMA-სა და 0,000106 გრამ „მეტამფეტამინის“ ფლობისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების კონსტიტუციურობას. ირაკლი ჩხეიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) წარმოადგენს.

მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის  იმ  შინაარსს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების – 0,000305 გრამი „მდმას“ და 0,000106 გრამი „მეტამფეტამინის“ ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და სასჯელის სახით, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

EMC-ს პოზიციით, ქმედების კრიმინალიზება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებსა და მე-11 მუხლის 1 პუნქტს. კონსტიტუციის  ეს მუხლები ეხება ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის დაუშვებლობას და თანასწორობის უფლებას.

„მოქმედი კანონმდებლობით, რიგი ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული ის მინიმალური ოდენობა, რომლის ფლობისთვისაც პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაიწყება. შესაბამისად, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების უმცირესი დოზით ფლობაც კი ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, მაშინ როდესაც სხვა ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. EMC-ს შეფასებით, ამგვარი არაერთგვაროვანი მიდგომით, კანონმდებლობა განსხვავებულ, უთანასწორო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს.

ირაკლი ჩხეიძის საქმე ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად განიხილოს სარჩელები, რომლებიც  არსებულ მძიმე ნარკოპოლიტიკას შეეხება“, – აღნიშნავს EMC.


ირაკლი ჩხეიძე სამართალდამცველებმა 2017 წელს დააკავეს. მას „შპრიცში აღმოჩენილი“ 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.

2018 წლის დეკემბერში ირაკლი ჩხეიძემ შიმშილობაც დაიწყო. ის დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შიმშილობდა.